პრეზიდენტი ყველას მოუწოდებს, საკონსტიტუციო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.
როგორც მიშველაძემ განმარტა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.
"ყველას მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მუდმივად გამოხატავს საკუთარ პოზიციას მედიის პრობლემატიკის მიმართ. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შემდეგ უკვე მისი მედიაში ასახვა, არის თავისუფალი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობისკენ და უნდა გავიაზროთ, რომ არა მხოლოდ მისაღებ აზრს, არამედ განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. დღეს, როდესაც საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, დაუშვებელია, კიდევ რჩებოდეს და ჩნდებოდეს კითხვები მედიის დამოუკიდებლობის ხარისხთან და მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით და, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, მოსწონს, თუ არა რომელიმე მხარეს მისი კრიტიკულობა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისივე თქმით, დღეს, „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა.
"დღეს საქართველოში მიმდინარე მედიაპროცესები, განსაკუთრებულად მაღალ ხარისხშია აყვანილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რასაც ცხადყოფს საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.
ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მედიაგარემოს მიმართულებით ქვეყანაში ვითარება გასაუმჯობესებელია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, პრობლემების დანახვის, ამ თემებზე ღია და გახსნილი დისკუსიის დაწყების. პრეზიდენტის აზრით, საჭიროა არა დამნაშავის ძებნა, არამედ გამოსავლის ძიება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის და ბოლოს, ვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, „რუსთავი 2“-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო," - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.