ფონდი „ქართუ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზას ხვალ მერიას გადასცემს

ფონდი „ქართუ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზას ხვალ მერიას გადასცემს

ფონდი „ქართუ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სარაგბო ბაზას ხვალ ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა აშენდა, რომელიც რაგბის ორ მოედანს აერთიანებს.

„ბუნებრივ საფარიანი და ხელოვნურ საფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომი შედის. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 355 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 596 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

„რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს. აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.