საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს სიტყვიერად არხის მენეჯმენტი და საბჭოს წევრი სულხან სალაძე დაუპირისპირდნენ.
მენეჯმენტმა დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინა სტრუქტურული ცვლილებების გეგმა, რომელიც საშტატო ცვლილებებსაც ითვალისწინებს და 17 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც არხის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს მათ შორს რამდენიმე სამსახურის შერწყმას. ამის შედეგად, მენეჯმენტის განმარტებით, ზოგიერთი კადრი გადაინაცვლებს სხვა დეპარტამენტში, მცირე რაოდენობა კი შესაძლოა გათავისუფლდეს.
თავის მხრივ, სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ ამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია რეალურად გათავისუფლების საფრთხის წინაშე დადგნენ თანამშრომლები და მენეჯმენტი გეგმის დამტკიცებით 17 ივლისისთვის წინასწარ ნიადაგს იმზადებდეს. მან 6 თებერვალს წარმოდგენილ სტრუქტურულ გეგმასთან და არსებულ სტრუქტურასთან დღეს წარმოდგენილი გეგმა შეადარა და თქვა, რომ რეორგანიზაცია (გათავისუფლება, გადაადგილება და ა.შ.) შესაძლოა რეალურად 550 ადამიანს შეეხოს.
აღნიშნულზე საპასუხოდ არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ სულხან სალაძე ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მენეჯმენტი მოქმედებს მარტო, ბორდისგან დამოუკიდებლად და ასევე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მენეჯმენტი ორიენტირებულია კადრების გათავისუფლებაზე. მანვე სალაძეს პიარტექნოლოგიების გამოყენებაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ რიცხვი 550 სწორედ ამიტომ იყო გაწითლებული მის პრეზენტაციაში, რომ მძაფრად წარმოჩენილიყო.
მენეჯმენტის დღევანდელი გეგმა ითვალისწინებს არსებული საეთერო ბადის შენარჩუნებასა და მომდევნო სეზონისთვის კონკურსის გამოცხადებას. მენეჯმენტის თქმით, რეფორმა შეეხება ყველას, მაგრამ ეს არ ნიშნავს გათავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძის პოზიციას ბორდის რამდენიმე წევრიც დაეთანხმა, რომელთაც აღნიშნეს, რომ სულხან სალაძის ინფორმაცია თითქოს 550 ადამიანს ათავისუფლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.