ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი

ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ცეცხლს ვიპარავდით, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი

საქართველო საბერძნეთისთვის, ბერძენი ხალხისთვის ძალიან დიდი სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკოს კოძიასმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში შედგა.

”ჩვენი თანამშრომლობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ჩვენ შევეცდებით, რომ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, განათლება თუ მეცნიერება. ყველა სფეროში სტრატეგიული ურთიერთობა ნიშნავს, რომ ჩვენ გაშლილი გვექნება ყოველთვის ხელები, საქართველო შემოვიდეს ევროკავშირის ოჯახში, გავუზიაროთ ცოდნა, მაგრამ თქვენგანაც მივიღოთ ცოდნა და გამოცდილება.

ღრმად მწამს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ევროპას. ხუმრობითაც ვთქვით - როდესაც კავკასიიდან ვიპარავდით ცეცხლს, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი. მე მომხრე ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ღია ურთიერთობის. ეს ურთიერთობები ათასობით წელს ითვლის. საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელსაც არა მხოლოდ ძალიან კარგი ისტორიული წარსული გააჩნია, არამედ დღევანდელობაშიც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, საერთაშორიო სამართალს. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ თქვენს დამოუკიდებლობას. გვინდა უკეთესად გაგიცნოთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ის კულტურული მიღწევები, რაც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და რითიც საქართველო ამაყობს.

ჩვენ ვიწყებთ კულტურულ პროგრამებს, მაგალითად, უახლოეს დღეებში გვექნება ქართული კინოს კვირეული საბერძნეთში”, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგა ათენში მიიწვია.