ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი

ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს კოძიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბერძენი კოლეგის ვიზიტი საქართველოში არის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე.

”ეს ვიზიტი იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული კავშირები და ეს საფუძვლად უდევს დღეს ხალხთა შორის და ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და მეგობრობას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგი, შევთანხმდით, რომ ყველა საკითხს, რომელიც ეხება ეკონომიკას, კულტურას, ტრანსპორტს, განათლებას, მეცნიერებას, განვიხილავთ უფრო დეტალურად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. ვისაუბრეთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებზე და შესაძლო სამმხრივ ფორმატებზე. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ადვოკატი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ეს არის საბერძნეთი. ჩვენ მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ ამ მიმართულებით. ვიზალიბერალიზაცია ძალიან მტკიცედ იყო მხარდაჭერილი საბერძნეთის მხრიდან”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

”ვისაუბრეთ იმ მტკიცე მხარდაჭერაზე, რომელსაც ვიღებთ საბერძნეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კუთხით”, - განაცხადა ჯანელიძემ.