დიდი იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ადეკვატურ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენი ხელისუფლება ბუნებრივია, ადეკვატურად აღიქვამს და მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ “რუსთავი 2”-ის საქმის კომენტირებისას განუცხადა.
დოლიძის თქმით, ძალიან კარგია, რომ ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციას, რომელიც იქნება წამოსული. დანარჩენი, მოდით, მედიის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ, მაშინ როდესაც საუბარია დღევანდელ ვითარებაზე, გადავავლოთ თვალი რამდენიმე წლის წინ როგორ იყო და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ზოგადად ვამბობ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ მაქსიმალური თავისუფლება იყოს და არანაირ ჩარევაზე საუბარი არ უნდა იყოს”, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ, თუმცა დასძინა, რომ მედიის თავისუფლება არის ერთი საკითხი და ასევე მნიშვნელოვანია საკუთრების ხელშეუხებლობა.