დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

უნდა გვქონოდა კომუნიკაცია, უნდა გვესაუბრა, მაგრამ არ შევხვედრივართ, მოვისმენ ქიბარ ხალვაშისგან რას ფიქრობს, მაგრამ მე ყველა ვარიანტში მინდა ერთი რაღაცა იცოდეს საზოგადოებამ, მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ განაცხადა კითხვაზე საპასუხოდ, რას აპირებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს და თუ ამისგან დაცვის მექანიზმი მას არ ექნება, ჩათვლის, რომ ტელეკომპანია ისევ მითვისებულია.

„არც ერთ ვარიანტში მე არ დავუშვებ, რომ „რუსთავი 2“-ზე ცენზურა იყოს. თუ რაიმე შანსი, თეორიული მაინც, იყოს იმისი, რომ რაღაც კონფიგურაცია ისე დაჯდეს, რომ ამის კონტროლი და დაცვის მექანიზმი მე არ მექნება, ვაცხადებ, რომ მე არ მაინტერესებს ასეთ „რუსთავი 2“-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ „რუსთავი 2“ ისევ მითვისებულია ისევ თავიდან ვიღაცის მიერ და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს“, - განაცხადა დვალმა.