სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს.
”ამერიკის ხმის” ჟურნალისტის, სინდის სეინის შეკითხვას, რომელიც ”რუსთავი2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა, სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით შტატები შეშფოთებულია. ”ამერიკის ხმის” ინფორმაციითვე, დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
"შეერთებული შტატები შეშფოთებულია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. გადაწყვეტილებამ შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური," - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ექსპერტს, პოლ სტრონსკის პოზიციითაც დაინტერესდა. გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში სტრონსკი აღნიშნავს, რომ ამბავი შემაშფოთებელია, მაგრამ არა მოულოდნელი, რადგან მრავალი წელია, ”რუსთავი2”-ის საკუთრების სტრუქტურასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ექსპერტის განცხადებითვე, დამოუკიდებელი მედია სჭირდება საქართველოს, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ.
"ამბავი შემაშფოთებელია, მაგრამ არა მოულოდნელი. მრავალი წელია, არხის საკუთრების სტრუქტურასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. რაც არ უნდა მომხდარიყო 10 წლის წინ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, დღეს არ არის არსებითი. "რუსთავი 2" მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც დამოუკიდებელი ხმა. დამოუკიდებელი მედია სჭირდება საქართველოს, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ოქტომბრის არჩევნებში. სააკაშვილის ეპოქაზე დაუსრულებელი დავა ვერ დაგვეხმარება დღევანდელი გადაუდებელი საკითხების მოგვარებაში. ვიმედოვნებ, მთავრობის მიმართ კრიტიკული ხმები შეინარჩუნებენ მექანიზმებსა და საშუალებას, მათ შორის რუსთავი 2-ზე, რათა გააჟღერონ ის, რაც აწუხებთ და მთავრობისაგან მოითხოვენ პასუხს. ესაა ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოში დემოკრატიის უკანდახევის აღქმაც კი დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს", - განაცხადა პოლ სტრონსკიმ.