სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიდრე არ გაირკვევა რა წერია დოკუმენტში, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკონტროლო პაკეტი ქიბარ ხალვაშსს გადასცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეჩერდება.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია იმედოვნებს, რომ შეჩერების მექანიზმი 8 მარტს დასრულდება და 9 მარტს ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარადგენს.
„როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლოს სურს გარკვევა რა ხდება ამ საქმის გარშემო. თუმცა, არ არსებობს შემთხვევა, რომ ასეთ საქმეზე მთლიანად შეეჩერებინოს გადაწყვეტილების აღსრულება. ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა და გაერკვევა სტრასბურგის სასამართლო, რომ ეს არ ეხება იმ მუხლებს, რომლის მიხედვით სტრასბურგის სასამართლოს უფლება აქვს, შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება ეროვნულ დონეზე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას პაატა სალია.