სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მიღებულია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ იმუშავებს საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო და არხის მენეჯმენტი. თუმცა, ხოშტარიამ გეგმის შინაარსი არ დააკონკრეტა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას არხის გენერალური დირექტორი თავად გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, განცხადების გაკეთებას ნიკა გვარამია დღეს, 21.00 საატზე გეგმავს.
“ნიკა გვარამიას ინიციატივით შედგა შეხვედრა. ჩვენ ყველანაირი საკითხი უნდა გადავდოთ გვერდზე და “რუსთავი 2“-თან მიმართებით უნდა ვიყოთ ერთიანი და დავიცვათ თავისუფალი სიტყვა. კონკრეტული ინიციატივის შესახებ თუ “რუსთავი 2”-ის შესახებ რა ინიციატივას გთავაზობთ, ძალიან მალე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
9 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას “რესპუბლიკური პარტიაც” ესწრებოდა, თუმცა პარტია აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს არ უერთდება. ამის მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “რესპუბლიკური პარტია” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მხარს უჭერს.
კითხვაზე, თუ რატომ არ შედის “რესპუბლიკური პარტია” საკოორდინაციო საბჭოში და კონკრეტულად რა გადაწყვეტილება მიიღეს შეხვედრაზე, ხათუნა სამნიძე არ დააკონკრეტა.
“რუსთავი 2”-თან კვლავინდებურად შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, რომლებიც სამოქმედო გეგმის გამოცხადებას ელოდებიან.