პაატა სალია - შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის ნახევრის დვალისა და აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია

პაატა სალია - შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის ნახევრის დვალისა და აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია

ადვოკატ პაატა სალიას ინფორმაციით, შეთანხმება ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის წილის ნახევრის დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისთვის გადაცემის თაობაზე ძალაშია. 

თუმცა, როგორც სალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს და აღნიშნულ საკითხზე თავად შეთანხმების მხარეებმა უნდა ისაუბრონ.

„შეთანხმება, როგორც ვიცი, ძალაშია. დეტალები არ ვიცი, კონკრეტულად რაზე არის საუბარი, თუმცა არც ის გამიგია, რომ რაიმე ფორმით ან შეწყდა ან გაუქმდა ეს შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ უფლებამოსილი ამ დეტალებზე ვისაუბრო და არც ვარ ინფორმირებული. ამაზე თვითონ შეთანხმების მხარეები ისაუბრებენ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ სასამართლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მას მიაკუთნებდა, მაშინ წილის ნახევარს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუთმობდა. 

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 1-ელ მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს შეთანხმების პირობების შესახებ, რომლის თანახმადაც მათ უნდა მიეღოთ წილის 50% და მენეჯმენტი და რომელიც, მათი თქმით, ძალაშია. თუმცა ქიბარ ხალვაშის თქმით, ბოლო შეხვედრაზე დავით დვალმა არხის მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.