ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის, სავარაუდოდ, 6 მარტს წარადგენს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შემდგომ პროცედურებზე საუბრისას განუცხადა, ამის შემდეგ ერთ სამუშაო დღეში უნდა მოხდეს წილების ასახვა სასამართლოს მიერ დადგენილ მესაკუთრეებზე.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ჩავიბაროთ, სავარაუდოდ, ორშაბათს. შემდგომ ეს გადაწყვეტილება უნდა წარვადგინოთ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და წილები აისახოს სასამართლოს მიერ დადგენილ მესაკუთრეებზე - ქიბარ ხალვაშზე და მის კომპანია შპს „პანორამაზე“. ამის შემდგომ უკვე მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები ქიბარ ხალვაშის მიერ. ვფიქრობ, ის იპოვის ისეთ გამოსავალს, რომელიც კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან იქნება გამომდინარე, რათა დღევანდელი მენეჯმენტის მიერ შექმნილი კონფრონტაციული ფონი დაცხრეს, ჟურნალისტებმა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მათი მუშაობისთვის ხელის შეშლას ნამდვილად არავინ აპირებს. უფრო კონკრეტულად გეგმებზე ამ ეტაპზე ვერ გესაუბრებით“, - განაცხადა სალიამ.
ადვოკატი არ ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალისმიერი აღსრულება გახდება საჭირო.
„ახალი მესაკუთრის ინტერესებშია, რომ კომპანიას არ ჰქონდეს რყევები, რომელიც მას დააზიანებს. შესაბამისად, პირადად მე გამოვრიცხავ რაიმე ძალისმიერ გაგრძელებას ამ სიტუაციაში და ხისტ მოქმედებებს. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს კონფრონტაციული რეჟიმი თანდათან გადავიყვანოთ საუბრის და პრობლემის გადაჭრის უფრო მშვიდობიან ფორმატში. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ გამოვა“, - განაცხადა სალიამ.