ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ზე - ეს არის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა, რომლის პოლიტიკურ სცენარში გადაყვანას ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”

ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ზე - ეს არის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა, რომლის პოლიტიკურ სცენარში გადაყვანას ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”

ჩემთვის ეს არის სამართლებრივი დავა საკუთრებასთან დაკავშირებული, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილი და მისი გუნდი.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს იყო თავიდან ბოლომდე სამართლებრივი პროცესი, რომლის პოლიტიზირებას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”.

“სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ტელევიზიაში მუშაობენ, ნაკლებად ფიქრობდა და ფიქრობს ტელევიზიის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ხშირად ამ ჟურნალისტებსაც როგორც საკუთარი მოსახლეობის სამიზნე იარაღს ასე იყენებენ. მე ყველას არ ვგულისხმობ, და ვისაც ვგულისხმობ, ის თავად ამოიცნობს ამ ნათქვამში თავის თავს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მას ძალიან კარგად ახსოვს 2007 წელს, მაშინ როდესაც იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ერთდროულად იყო ზურაბ ადეიშვილი, ქიბარ ხალვაშის მიერ გაგზავნილი პირველი საჩივარი. 

“ამ საჩივრის ასლი მეც მქონდა, იმიტომ რომ მის დაწერაშიც ვიღებდი მონაწილეობას, ქიბარ ხალვაში მიმართავდა მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს და ითხოვდა, მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით საკუთრების ჩამორთმევის თაობაზე გამოძიებას. ეს იყო 2007 წელი, დღეს 2017 წელია, მე ათი წლის წინ მაქვს ნანახი ეს პროცედურები და მახსოვს, როგორ ხდებოდა მსგავსი უკანონობა. იქამდეც ხდებოდა ეს უკანონობები ამ ტელევიზიის მიმართ და საკუთრებასთან დაკავშირებული სრულიად დაუშვებელი ფორმების გამოყენება. ამიტომ ჩემთვის ეს არის სამართლებრივი დავა საკუთრებასთან დაკავშირებული, რომლის პოლიტიკურ, საკმაოდ მძიმე სცენარში გადაყვანას ცდილობდა და ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილი და მისი გუნდი”, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალური და ღირსეული მუშაობის პირობები, ტელევიზიას ჰქონდეს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება.