ამერიკელმა სენატორებმა ბობ მენენდესმა და ლინდსი გრემმა აშშ-ის სენატში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის 3 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია შეიტანეს, რომელშიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
„მიუხედავად იმისა თუ როგორი პოლიტიკური ქარი ქრის აშშ-ში, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ სანქციები ჩვენი დიპლომატიური ინსტრუმენტების არსენალში ყველაზე ძლიერ და მშვიდობიან ბერკეტად დარჩეს“, - ნათქვამია სენატორი ბობ მენენდესის განცხადებაში.
რეზოლუცია ადასტურებს სანქციების საჭიროებას მინსკის შეთანხმებების სრულ განხორციელებამდე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აშშ-ის მოკავშირეებს ევროკავშირში, გაერო-ში წნეხი განახორციელონ რუსეთზე, „რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას“.