ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის მონაწილეებს გენერალმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიმართა.
მან საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან.
ამასთან, გენერალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა.
"თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც, რომელმაც წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა“, - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმაატში გაგრძელდა, სადაც ნატოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენლებმა საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუთმეს.