ნიკა გვარამია - ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე

ნიკა გვარამია - ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ქიბარ ხალვაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადასცეს თუ არა „რუსთავი 2“–ის მენეჯმენტს არხი, იქამდე ტელეკომპანია მაუწყებლობას გააგრძელებს. 

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გამორთავთ ეთერს და გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები. ეს ადამიანები, ვინც ჩვენს უკან დგანან, მათთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში, ისინი უზრუნველყოფენ არხის გამართულად ფუნქციონირებას, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, მის შემოსავლებს და ისე, რომ ქიბარ ხალვაშს გავუსტუმროთ თანხა. ისინი არ გაასხვისებენ ამ არხს. შეგვიძლია ეს პირობაც ჩავდოთ არხის გადმოცემის პირობაში. ეს ჩვენი ბოლო სიტყვაა, ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა. თქვენ მოკალით სიტყვის თავისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, გთავაზობთ გამოსავალს ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. „რუსთავი 2“ დარჩება ეთერში და ხმამაღლა გავიგებთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც მიიღებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვარამიას თქმით, ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, არხი არსებულ მენეჯმენტს მიჰყიდოს.