ქიბარ ხალვაში:  ნიკა გვარამია ვალდებულია კანონის აღსრულებას დაეხმაროს

ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია ვალდებულია კანონის აღსრულებას დაეხმაროს

როდესაც ჩვენს წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენ იმას ვემორჩილებოდით, ხოლო ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ”რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შეფასებისას PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ტელეკომპანიის მხარდასაჭერად გამოდიან ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. ხალვაშის განცხადებით, ნიკა გვარამია ვალდებულია კანონის აღსრულებას დაეხმაროს. 

”გენერალური დირექტორი ვალდებულია კანონის აღსრულებას მიეხმაროს, ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ეს და უკანონოდ დაყადაღებული ქონება გადავაბარეთ სახელმწიფოს. თუ არ გააკეთებს ამას, ალბათ რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების აქცია. იმ ხალხის, რომლებიც გვებრძოდნენ და ებრძოდნენ სამართლიანობას პირადი გამდიდრების მიზნით და ეს არის ძალიან პატარა რაოდენობა. მე ვფირქობ, ეს პროტესტი უმნიშვნელოა.

დააკვირდით, ვინ იღებს იქ მონაწილეობას, რომელიც ნაცების ხელმძღვანელობისგან იმართება. როდესაც ჩვენს წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენ იმას ვემორჩილებოდით, ხოლო ისინი სამართლიან გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის მოიაზრებს ის არხის ახალ გენერალურ დირექტორად და ხომ არ განიხილება ნიკა გვარამიას დარჩენის საკითხიც, ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამაის მასთან მუშაობა არ სურს და ის თავად დატოვებს პოსტს. ”ჰკითხეთ გენერალურ დირექტორს, თუ უნდა თანამშრომლობა და თუ უნდა რომ გამოსწორდეს და პროტესტებს არ მოაწყობს კანონის წინააღმდეგ. მე არ ვფიქრობ, რომ გვარამია თვითონ დარჩეს”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.