ირაკლი მამალაძე:   მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს

ირაკლი მამალაძე: მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს

მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავრამა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფარულ ვიდეო ჩანაწერში ცალსახად ისმის მკვლელობის მომზადებაზე. „საზოგადოებამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საქმე არის ჩაბეტონებული, ძალიან მყარი და ეს საქმე სასამართლომდე მივა. იმედი მაქვს, გამოვლინდება, ვინც იდგა გიორგი მამალაძის უკან.

მე, როგორც განმცხადებელმა, პროკურატურას მივუთითე, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლეობა. პირველ რიგში დავინახე საფრთხე და ამიტომ გამოვცხადდი პროკურატურაში. ციანიდი, რომელზეც არის ჩანაწერში საუბარი, მამა გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა გერმანიაში წასვლამდე“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ირაკლი მამალაძე ფიქრობს, რომ მოვლენები ვითარდებოდა, მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით. „მეუფე დიმიტრიზე მინდა ვთქვა, რომ არ გამოვრიცხავ, ეს პროცესი მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით. თუმცა, არც სხვა ვარიანტები გამოირიცხება“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისივე თქმით, „მკვლელობის მომზადების ჯგუფის წევრები“ არიან ჩანაწერებში და საუბარია სამ და მეტ პირზე. კითხვაზე, არის თუ არა ამ ჯგუფიდან რომელიმე სასულიერო პირი, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს. მისივე თქმით, ჩანაწერებში „არაერთხელ ჩანს ციანიდი“.