გრიგორი კარასინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მორიგ განცხადებას აკეთებს

გრიგორი კარასინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მორიგ განცხადებას აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეკულაციას უწოდებს მომავალში რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების შესაძლო გადახედვას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის სპეცწარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, რუსეთი ადრე თუ გვიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის გადაწყვეტილებას გაიწვევს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გააკეთა. „მართლაც, მსგავსი სპეკულაციები პერიოდულად ჩნდება. რაზეა ისინი დაფუძნებული, ძნელი სათქმელია. როგორც ჩანს, საუბარია საკმაოდ უხეშ მცდელობაზე, რომ ჩვენს მეზობლებში რუსეთისადმი უნდობლობა გამოიწვიონ“, - განუცხადა კარასინმა ჟურნალისტებს.

მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც რუსეთის ფედერაციას აკავშირებს კეთილმეზობლობა, მეგობრობა და მოკავშირეობა. „ეს ჩვენი პოზიცია არის და იქნება ხელშეუხებელი. გთხოვთ, დაიმახსოვროთ ეს ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა კარასინმა.