გიორგი მამალაძის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ევალება კახიშვილის უწყების ექიმებს, მაგრამ ჰიპოკრატეს კი არა, სხვა ფიცი აქვთ დადებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
ადვოკატის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, რის გამოც ის პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების ექიმებს აკისრებს.
”ცუდად არის მისი მდგომარეობა. აუცილებელი ხომ არ არის რომ რეანიმაციაში გადაიყვანონ? მისი საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ევალება კახიშვილის უწყების ექიმებს, მაგრამ მათ ჰიპოკრატეს ფიცი კი არა, სხვა ფიცი აქვთ დადებული. აუცილებელია მაქსიმალური ყურადღების მიქცევა, პასუხისმგებლები არიან ექიმები. დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არაფერია გამორიცხული”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ე.წ. ციანიდს საქმეში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკითხვის პროცედურა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს დაბალი ტემპერატურა და წნევა აღენიშნებოდა, რის გამოც ის „რამდენჯერმე ჩაიკეცა“. დაცვის მხარის პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებული ამ გზით ცდილობს, თავი აარიდოს იმ კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემას, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს.