პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდეს

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენად შესაძლოა მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდეს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება შესაძლოა კონტრასიგნაციას დაექვემდებაროს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ამის თაობაზე მოსაზრება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში გამოითქვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც ბესელია აცხადებს, პირადად აღნიშნულ საკითხს სისტემაში უყურებს, რომ “არ დარჩეს ფუნქციები აღრეული და ის ხელისუფლების სამ შტოს შორის გადანაწილდეს.“

“საუბარია იმაზე, თუ რაზე შეიძლება გავრცელდეს კონტრასიგნაციის პრინციპი - ანუ ის, რაც არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია, სწორად დავინახოთ. ჩვენ უფლებების ჭრილში სისტემურად ვუყურებთ საკითხს. როცა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო, გასაგები იყო, რომ ის იმ სისტემაში თავსებადი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მთავრობის მეთაური აღარ არის და მთავრობის მეთაურია პრემიერი, უფლებების გადანაწილება უნდა დავინახოთ სწორედ ხელისუფლების სამ შტოს შორის განაწილების სისტემაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირების შეტანა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იქნება სოციალური უფლებების კუთხით კონსტიტუციაში მეტი გარანტიების ასახვის საკითხი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხების კონსტიტუციაში განსაზღვრის და ასევე, ქალისა და მამაკაცის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობების საკითხი.