თითოეულ მუხლთან დაკავშირებით შევეცდებით, რომ მმართველი გუნდის პოზიცია დავაფიქსიროთ, თუმცა მსჯელობა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით უნდა დარჩეს აბსოლუტურად ღია და გახსნილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კომისიის წევრთა თხოვნისა და მოთხოვნის საფუძველზე შედგა პირველადი მსჯელობა მმართველ გუნდში, რათა მმართველ გუნდს საკუთარი მოსაზრებები წარედგინა თითოეულ თავთან, თუ მუხლთან მიმართებაში.
„მინდა გაცნობოთ, რომ მათ შორის კომისიის წევრთა თხოვნისა და მოთხოვნის საფუძველზე შედგა პირველადი მსჯელობა მმართველ გუნდში. ამასთან დაკავშირებით თქვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ გარკვეული პოზიციები ჩამოყალიბებულიყო მმართველ გუნდში და ეს წარმოგვედგინა შემდეგ სამუშაო ჯგუფის შესაბამის სხდომებზე. ასეთი მსჯელობა შედგა და შესაბამისად, ჩვენ დღესაც შეგვიძლია, რომ კონკრეტულ მუხლებთან, თავებთან დაკავშირებით წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს ვერ ექნება ვერავითარ შემთხვევაში სავალდებულო ძალა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც ერთპიროვნულად, თეორიულად მიიღოს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, ამის მიუხედავად, ყველა საკითხი არის აბსოლუტურად ღია დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის. უბრალოდ, რადგან ჩვენი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით თხოვნა იყო, აქედან გამომდინარე, შედგა ეს მსჯელობა და თითოეულ მუხლთან დაკავშირებით შევცდებით, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, თუმცა მსჯელობა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით უნდა დარჩეს აბსოლუტურად ღია და გახსნილი“, - განაცხადა კობახიძემ.