ირაკლი აბესაძე:   პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება

ირაკლი აბესაძე: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება

იგეგმება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა, - ამის შესახებ მოძრაობა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წარდგენილია ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებების შეკვეთასთან ერთად ხელისუფლებას დაეხმარება მეტი გავლენა მოიპოვოს სასამართლოზე.

”ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა-შეკვეცა. შესაძლებელია პრეზიდენტს ჩამოერთვას პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს წარადგენს იუსტიციის საბჭო, რაც მიუღებელია, ერთი მხრივ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცის კუთხით და მეორე მხრივ, ნათელია, რომ ეს კვლავ იქნება ”ქართული ოცნების” მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს მოიპოვოს ძლიერი პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე.

”სავალდებულო იქნება მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. იმის ნაცვლად, რომ მივდიოდეთ გამოსაცდელი ვადის გაუქმების მიმართულებით, თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებას სურს მოიპოვოს ძლიერი პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე”, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი გარდამავალი დებულებების საკითხზე სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.