პენტაგონმა თეთრ სახლს ერაყსა და სირიაში ექსტრემისტების გასანადგურებლად წინასწარი გეგმა წარუდგინა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ პენტაგონის წარმომადგენელზე ჯეფ დევისზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, ეს არის საფუძველი იმ ფართომასშტაბიანი გეგმის, რომელიც მიმართულია სირიასა და ერაყში ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც იქ რელიგიური სახელმწიფოს შექმნას აპირებენ.
ჯეფ დევისს გეგმის დეტალებზე არ უსაუბრია. შტაბის უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ დანფორდმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ სტრატეგიას „ალ-ქაიდას“ და ახლო აღმოსავლეთში სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგაც გამოიყენებენ. მანვე აღნიშნა, რომ გეგმა სამხედრო ძალების ჩარჩოებს ცდება და მას „პოლიტიკურ-სამხედრო გეგმა“ უწოდა.
ცნობილია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პენტაგონს 30-დღიანი ვადა მისცა კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად სირიასა და ერაყში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მათი საბოლოოდ განადგურების მიზნით.