ადვოკატი - იმედი გვაქვს, მამა გიორგის მიერ დღეს მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ პროკურატურა დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე, არამედ სხვადასხვა ვერსიაზე გამოძიებას

ადვოკატი - იმედი გვაქვს, მამა გიორგის მიერ დღეს მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ პროკურატურა დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე, არამედ სხვადასხვა ვერსიაზე გამოძიებას

იმედი გვაქვს, მამა გიორგის მიერ დღეს მიწოდებული ინფორმაცია დააფიქრებს პროკურატურას და რეალურად დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე, არამედ სხვადასხვა ვერსიაზე გამოძიებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ბრალდებული გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვის პროცესში სხვადასხვა პირები დასახელდნენ, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იგი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

”გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის შინაარსობრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ. არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო დაკითხვაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მამა გიორგის მიერ დღეს მიწოდებული ინფორმაცია დააფიქრებს პროკურატურას და რეალურად დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე, არამედ სხვადასხვა ვერსიაზე გამოძიებას. გაიჟღერა სხვადასხვა სახელმა და გვარმა, თუმცა ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ. გიორგი მამალძე უშუალოდ მასთან მიმართებით წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მისი უდანაშაულობიდან გამომდინარე. შემიძლია გითხრათ, რომ საუბარი შეეხო როგორც ციანიდის, ასევე იარაღის საკითხს და არსებულ კითხვებს მაქსიმალურად გასცა პასუხები, თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისი განმარტებით, დაკითხვის დროს დაისვა რამდენიმე ისეთი შეკითხვაც, რომელზეც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პასუხი არ გასცა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს.

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, სახელმწიფო ბრალდებას პირველი ჩვენება მისცა. დეკანოზის დაკითხვა, სასჯელაღსრულების #9-ე, ე.წ „მატროსოვის ციხეში“ 12 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. მხარეთა განცხადებით, მამალაძის დაკითხვის პროცედურა უახლოეს მომავალში გაგრძელდება.