კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ, ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს #9 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის ინტერესებშია გამოძიების სრულყოფილი და ობიექტური ჩატარება. წიკლაურის განცხადებით, პროკურატურა მიესალმება ბრალდებულ მამალაძის გადაწყვეტილებას, ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქმის სამართლებრივი შეფასება ნაადრევია, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულ გიორგი მამალაძის დაკითხვის გაგრძელება პირველივე შესაძლებლობისთანავე მოხდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი, ჟურნალისტებთან საუბრისას დაკითხვის კონკრეტიკისგან თავის იკავებს.
“დადებითად ვაფასებთ, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. ჩვენს ინტერესებშია გამოძიების ობიექტური და სრულყოფილი ჩატარება. არსებობს ბევრი კითხვა და დღეისთვის ვერ მოხერხდა ამ კითხვების დასმა. კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მოსმენა და დაკითხვის პროცედურები უნდა გაგრძელდეს, დღეისთვის რაიმე შეფასების გაკეთება არასერიოზულია. პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება ბრალდებულის დაკითხვა. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ეს შეიძლება იყოს ზეგ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
სასჯელასრულების #9-ე, ე. წ. მატროსოვის დაწესებულებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები და საქმის პროკურორი დღეს დილით 11.00 საათისთვის მივიდნენ. როგორც ჟურნალისტებისთვის ცნობილია, ბრალდებულმა საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. ჩვენების დროს დასახელდა რამდენიმე პირი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.