მე გავაკეთე ჩანაწერი ჩემი თავდაცვის მიზნით, რადგან ვფიქრობდი, რომ აქ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა.
ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი სათქმელი მამა გიორგი მამალაძეს აქვს, რომელმაც, მოწმის მოსაზრებით, არ უნდა აიღოს ეს მძიმე დანაშუალი საკუთარ თავზე და მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ირაკლი მამალაძეს არ სჯერა, რომ მამა გიორგი ამ საქმეში მარტო მონაწილეობდა. მისივე თქმით, არავინ იცის, ვისი ხელით იგეგმებოდა ლიკვიდაცია.
”ის რომ მარტო არ მოქმედებდა, ჩანს და გამოჩნდება მომავალშიც. მტკიცებულებები არის საკმაოდ მყარი და მძიმე მოსასმენი. ეს იცის მან და იციან მისმა ადვოკატებმა და რატომ ხდება ისე, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიმდინარეობს, მართლა ვერ გეტყვით. ცალსახად ჩანს, რომ ეს იგეგმებოდა გარკვეული ჯგუფის მიერ და არა ერთი პირის მიერ. ჩანაწერებში სხვა პირებიც ფიგურირებენ”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მისივე მტკიცებით, ჩანაწერი თავდაცვის მიზნით გააკეთა. ”ის რაც გამოიკვეთა და რა საფრთხეც დავინახე, ეს შემდეგ მტკიცებულების სახით მოვიპოვე და ამის შემდეგ მივედი საგამოძიებო ორგანოში. მე გავაკეთე ჩანაწერი ჩემი თავდაცვის მიზნით, რადგან ვფიქრობდი, რომ აქ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია და შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერ მომენტში ჩემს წინააღმდეგ შემოტრიალებულიყო რაღაცები. სურათით, რომელიც არსებობდა და პროცესით, რომელიც მიმდინარეობდა, დიდი ალბათობით მეც ჩვეულებრივად გავხდებოდი ამ დანაშაულის თანამონაწილე. თავიდან რაც ითქვა, რომ განმცხადებლის მიერ დაფიქსრიდა, რომ დანაშაული იგეგმებოდა უმაღლესი სასულიერო პირის მიმართ და ეს შესაძლოა ყოფილიყო პატრიარქი, ეს პირდაპირ არის განცხადებაში, ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ პროკურატურამ იცრუა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. ასე დაიწყო გამოძიება, ასე მივუთითე მე. მე დავინახე ეს საფრთხე, თორემ, სხვას კი არ დაუნახავს. მე ვხვდებოდი მამა გიორგის და მე მქონდა მასთან ურთიერთობა. პირადად მითხრა, ზოგადი სურათი გამოიკვეთა, თუ ერთობლიობის შედეგად დავინახე ეს საფრთხე, ამას გამოძიება იტყვის”, - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.