„მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმეზე 2 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე კომენტარს აკეთებს.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ”რუსთავი 2”-ის საქმე არ არის ორ კერძო პირს შორის დავა - ”როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს”.
,,ის, რომ 2 მარტს პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაინიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მხრიდან, უკვე ძალიან ცუდია და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი სიგნალია, რადგან ”რუსთავი 2”-ის საქმე არ არის ორ კერძო პირს შორის დავა - როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. მას აქვს უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ”რუსთავი 2”-ს და მის დღევანდელ შემადგენლობას. შეიძლება, ძალიან სახიფათოდაც განვითარდეს მოვლენები. ჩამოთვლილ შემადგენლობაში არის ერთი მოსამართლე, რომელიც მთელი ცხოვრება პრაქტიკულად მუშაობდა ,,ქართუ ჯგუფში’’, მოსამართლე თოდუა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სასურველი იქნებოდა ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა, რადგან ჩვენ რამდენიმე საქმე ვნახეთ, სადაც გვენეტაძემ პრაქტიკულად ”ტროიკას ფუნქცია შეასრულა”. მხედველობაში მაქვს ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმე, სადაც ადამიანს სამი წელი ჰქონდა პირველ ინსტანციაში და თერთმეტ წლამდე გაუზარდა”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე შეფასებით, სიტუაცია ძალიან საგანგაშოა. ”ვთვლი, რომ თუ უზენაესი სასამართლო გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რაც ”რუსთავი 2”-ის პრაქტიკულ დანგრევას ნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის პრობლემა, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა, ქვეყნის პრობლემა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ბიზნესისთვის იქნება ეს ძალიან დიდი დარტყმა. ის პრეცედენტი, რომელსაც შექმნის დიდი პალატა, სამოქალაქო ურთიერთობებს დაანგრევს, რადგან არც ერთი საკუთრება ქვეყანაში ამ გადაწყვეტილების მერე აღარ იქნება გარანტირებული. ყველას შეუძლია ნებისმიერის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამოქალაქო ქაოსი, რისი დასაბამიც შეიძლება გახდეს ”რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და ხელისუფლებას, რადგან არავის სჯერა, რომ მეორე მხარე არის ქიბარ ხალვაში. ეს არის პირობითი სახელი და მის უკან რა თქმა უნდა ხელისუფლება და ივანიშვილი იკითხება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
აღნიშნულ კომენტარს „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო” ავრცელებს.