„ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომლის გამოსწორების დროშითაც მოვიდა ხელისუფლებაში

„ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომლის გამოსწორების დროშითაც მოვიდა ხელისუფლებაში

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე „ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ის არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, შავგულიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, ამ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მას ოპონენტების დასაშანტაჟებლად და დასაშინებლად გამოიყენებს.

როგორც შალვა შავგულიძე განმარტავს, აღნიშნული კანონპროექტი პოლიციური სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი და „ფაქტობრივად, რუსული მოდელის კალკირება ხდება“.

„ეს კანონპროექტი შეიცავს მანკიერ და არასწორ პოზიციებს. მათ შორის, საკომუნიკაციო კომპანიების საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლებლობას აძლევს სუს-ს, რომელსაც ენიჭება უფლებამოსილება, გარკვეული მონიტორინგიც განახორციელოს ამ კომპანიებზე. ასევე, ფაქტობრივად, მოსმენების განხორციელებაზე მატერიალურ ანაზღაურებას ამ კომპანიებს აკისრებენ, რაც მიუღებელია. ჩვენ ვნახეთ კიდეც, როგორი პროტესტი გამოხატეს კომპანიების ხელმძღვანელებმა და მფლობელებმა.

მთლიანობაში, ეს არის პოლიციური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი კანონი. ფაქტობრივად, რუსული მოდელის კალკირება ხდება, როგორც არის დღეს რუსეთში პუტინის რეჟიმის მიერ მოწყობილი ფარული ღონისძიებების განხორციელების მექანიზმი, აი, ისეთი მოდელი შემოგვთავაზეს საბოლოოდ“,- აცხადებს შავგულიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოსმენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომლის გამოსწორების დროშითაც მოვიდა ხელისუფლებაში“, - აღნიშნავს შავგულიძე.