”მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება.
როგორც აბესაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ”ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებულად და მხოლოდ ძალის დემონსტრირებით მოახდინა კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო კანონპროექტის მიღება.
აბესაძის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტს გაეზიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღწერილი საფრთხე, რომ სუს-ის შემადგენლობაში მოსმენის ტექნიკური საშუალებების არსებობა დაუსაბუთებლად ზრდის უკანონო მოსმენების რიცხვს, მოსმენების შესაძლებლობა პირდაპირ სუს-ის შემადგენლობაში დარჩა.
”ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” უბრალოდ, შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. სწორედ ამიტომ იყო, რომ განხილვაზეც კი უარი ითქვა მეორე მოსმენის დროს. ახლა დაველოდებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დასაბუთებული შენიშვნებით დააბრუნოს კანონპროექტი პარლამენტში და ამ განხილვებში კვლავ აქტიურად ჩავერთვებით იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას ”ქართული ოცნების” ის უარგუმენტო მცდელობა, რომ კვლავ სუს-ის შემადგენლობაში დატოვოს მოსმენები, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით შეიძლება იყოს განპირობებული”, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.