ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა ავრამოპულოსს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
”მართლაც სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ვიზიტით ეწვია მიგრაციის და საშინაო საკითხებში ევროკომისარი, ჩვენი მეგობარი დიმიტრის ავრამოპულოსი, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მართლაცდა ერთად მიღწეული წარმატება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს პირადი ძალისხმევისთვის ევროკავშიორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. ასევე ვაფასებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის ერთსულოვან მხარდაჭერას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ევროპასთან.
”ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს - პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დაპირებებს. დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა, ესმით ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენო თანამემამულენო და მე ვულოცავ ევროპასაც, რადგან დღეს საქართველო როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ოჯახთან”, - აღნიშნა პრემიერმა.
ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.