გიორგი კვირიკაშვილი:   დიდი სიამოვნებით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს

გიორგი კვირიკაშვილი: დიდი სიამოვნებით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დღევანდელ დღეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯის გადადგმას ულოცავს.

კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციაზე ისაუბრა.

”მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში”, განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება დაახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს“.

„აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა“, - განაცხადა მალტის შს მინისტრმა.

„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა ხელი მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.