ეკა ბესელია - ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე ოპოზიციას დრო გაჰყავს, მაგრამ მე არ დავიღლები, რამდენი საათიც არ უნდა ვიდგე ტრიბუნასთან

ეკა ბესელია - ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე ოპოზიციას დრო გაჰყავს, მაგრამ მე არ დავიღლები, რამდენი საათიც არ უნდა ვიდგე ტრიბუნასთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიცია ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებას ცდილობს. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.

„სამწუხაროა. რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ოპოზიცია მხოლოდ დროის გაჭიანურებაზე არის გადასული. მათ არ აინტერესებთ შინაარსი. ისინი არ მსჯელობენ არსებით საკითხებზე. მათ უბრალოდ დრო გაჰყავთ. მთელი ის სცენა, რაც გუშინ ხდებოდა პარლამენტში და დღესაც იგივე განმეორდება, ეს არის გამძლეობაში გამოცდა, დროის გაყვანის თვალსაზრისით. დაღლით ნამდვილად არ დავიღლები, რამდენი საათიც არ უნდა ვიდგე ტრიბუნასთან. ჩემი ვალდებულებაა, რომ იმ ჯგუფთან ერთად, ვინც მოამზადა ცვლილებების ეს პაკეტი, იმ ვადაში მივიღოთ ეს მოდელი, რა ვადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღრა. ამიტომ დროში ვართ შეზღუდული. პაკეტი არის საკმაოდ დიდი და რთული, თუმცა ეს არის ნაბიჯი წინ და არა ნაბიჯი უკან . ჩვენ გვქონდა ე.წ ორი გასაღები და ახლა გვაქვს სამი. ვაძლიერებთ ექვსი დონის კონტროლით ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა სისტემას და ვერავინ იტყვის, თუ რომელი პუნქტით შესუსტდა კონტროლის სისტემა და ვერავინ მოიყვანს არგუმენტს, თუ რა ასპექტში იყო უფრო ძლიერი მოდელი და რითი დავიხიეთ უკან. ამაზე ერთადერთი არგუმენტიც კი არ მომისმენია, გარდა არაფრისმთქმელი ერთი და იგივე კითხვებისა, რაც ისმოდა გუშინ სხდომაზე დროის გაყვანის მიზნით“, - განაცხადა ბესელიამ. 

დეპუტატის განმარტებით, ოპონენტების მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული მოდელი მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს სუსტი.

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც არსებობდეს ისეთი მოდელი , რასაც ოპონენტები გვთავაზობენ. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს სუსტი. ჰკითხეთ ჩვენს მოქალაქეებს, მათთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ უსაფრთხო გარემო არსებობდეს და ისე არ ძრწოდნენ, როგორც, მაგალითად, ეს არის ჩვენს მეზობელ თურქეთში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც იმძლავრა ტეორირიზმის საფრთხემ. ბიზნესსაც, მოქალაქესაც, ჟურნალისტსაც, ყველას აინტერესებს, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხო გარემო და მისი უფლებები დაცული. ამას ვემსახურებით ჩვენ ამ ცვლილებებით. ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვთავაზობს რომანტიკულ მოდელს, რომელიც მიზნად ისახავს გყავდეს სუსტი სამსახურები და მათთავის არ აქვს მნიშვნელობა ეს სამსახური შეასრულებს თუ არა თავის მოვალეობას, ჩვენ მათ გზას ვერ გავყვებით,“ - აღნიშნა დეპუტატმა. 

პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა ვერც გუშინ დაასრულა. განხილვა დღეს გაგრძელდება.