იურისტის განცხადებით, რომელმაც რუსთავის მე-6 დაწესებულებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს

იურისტის განცხადებით, რომელმაც რუსთავის მე-6 დაწესებულებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეში ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ მოინახულა.

როგორც სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების დატოვების შემდეგ ლომიძემ „ინტრეპრესნიუსს“ განუცხადა, მამა გიორგი მამალაძე ბრალს არა აღიარებს.

უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული გაუთქმელობის პირობის გამო ბრალდებებს ვერ პასუხობს, რაც ერთგვარად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია. იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება უნდა გაუქმდეს, რათა ბარლდებულს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცეს.

”ჩვენ როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესებული ვართ, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, მითუმეტეს, იმ ადამიანების ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი და იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა მამა გიორგი მამალაძე, რადგან საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არის ეს საქმე. გვინდოდა გავსაუბრებოდით იმ საკითხებზე, როგორ არის, მოხდა თუ არა მისი უფლებების დარღვევა, ხომ არ იყო უფლებების ისეთი დარღვევა, სადაც შესაძლებელია ჰქონდეს პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მან გვითხრა მხოლოდ ის, რომ დადებული აქვს ხელწერილი, რომელიც უკრძალავს ინფორმაციის გაცემას. აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია ეს ინფორმაციები გაამჟღავნოს. ჩვენ, როგორც უფლებადამცველები ვფიქრობთ, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავი დაიცვას იმ არგუმენტებით, რომელიც აქვს დაცვის მხარეს. ასევე მიგვაჩნია, რომ არ უნდა დაიღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც მხოლოდ ცალმხრივად ვისმენთ, რომ ის არის დამანაშავე და დაცვის პოზიციის გაცნობის საშუალება არ გვაქვს, ძნელია საზოგადოებამ დასკვნა გააკეთოს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შეაფასოს ორივე მხარის არგუმენტები, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ამ შემთხვევაში მეტად იყოს ადამიანის უფლებები დაცული”, - განაცხადა ლომიძემ.

მისივე თქმით, დეკანოზის ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია.

”ბრალდებებთან დაკავშირებით არ საუბრობს. მდგომარეობას რაც შეეხება, ნორმალურ მდგომარეობაშია. მისი ფიზიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, სხვა რაიმე განსაკუთრებულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა ლომიძემ.

რაც შეეხება მედიაში მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს, როგორც ლომიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.