მოძრაობა ”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას „შოკისმომგვრელს“ უწოდებს.
როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ ჩაგუნავას საქმე უსწრაფესად დაასრულა.
”მას 9 თებერვალს შეეფარდა პირობითი სასჯელი და გათავისუფლებულია, მაშინ როცა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვა საკუთარ ავტოფარეხში აღმოუჩინეს. ამავე დროს საქმე გაყოფილია ორ ნაწილად: ასაფეთქებელი ნივთიერების მონაკვეთი და ავტომანქანის აფეთქების მონაკვეთი. აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ბეჩუაშვილი, სავარაუდოდ, გაქცეულია რუსეთში. რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს აჩენს”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პროკურატურა აცხადებს, რომ არ ეთანხმება სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.