მამუკა ახვლედიანი:   ჩემთან არასდროს არავის არანაირ ფულზე არ უსაუბრია

მამუკა ახვლედიანი: ჩემთან არასდროს არავის არანაირ ფულზე არ უსაუბრია

გამოძიება დაიწყო იმაზე, რომ ვიღაცის კომპიუტერიდან ჩანაწერები მოიპარეს და გაავრცელეს, დღეს კი დაადგინეს, რომ ჩანაწერი ავთენტურია. მაინტერესებს, სად არის ლოგიკა? - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანხმადაც, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

როგორ მამუკა ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის, სუფრასთან სხვადასხვა პირთან შეხვედრა გამართულა, თუმცა „არავის არასდროს მასთან ფულთან დაკავშირებით არ უსაუბრია“.

„ჩემთან არასდროს არავის არანაირ ფულზე არ უსაუბრია. სუფრასთან თუ სხვადასახვა სიტუაციაში პირველი პირებიდან დაწყებული ყველას შევხვედრივარ და მისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცხოვრებაში ჩემთან არავის არ ჰქონია ფულზე საუბარი. ვინ რა დაამონტაჟა, ვინ ვის რა ესაუბრა, ვინ ვის რას სთავაზობს და რა ფულს უხდის - ერთმანეთში გაარკვიონ. ამ სისულელებზე რა პასუხი უნდა გავცე? დღევანდელი გამოძიება არის სასაცილო. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არც თავმოყვარეობა და არც სახელმწიფოს განცდა არ აქვს საერთოდ.

გამოძიება დაიწყო კომპიუტერიდან ჩანაწერების მოპარვაზე და რა გამოიძიეს, რომ ჩანაწერი ავთენტურია? რას იძიებდნენ და რა დაადგინეს? რა შუაშია ავთენტურობა ამ საკითხთან. ლოგიკა მაინტერესებს. საუბარი ბევრ ადგილზე შედგა, დიდი ნაწილი აღებულია, მაგრამ რისი გასაღებაც უნდათ, რომ ფულზე საუბრობენ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გვარამია ვის ესაუბრება, ეს ნაკლებად მაინტერესებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

როგორც ”ინტერპესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.

გვარამია ჩანაწერის შესახებ ექსპერტიზის პასუხს გაეცნობა.

ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.