ნიკა გვარამია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქრთამვით ცდილობდნენ სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევას

ნიკა გვარამია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქრთამვით ცდილობდნენ სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აუდიოჩანაწერის აუთენტურობით დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქრთამვით ცდილობდნენ სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევას. როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია ძალიან დიდ თანხებზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ის 30-წუთიანი ჩანაწერი, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ არის ავთენტური. დასტურდება, რომ ეს ადამიანები ცდილობნდნენ მოქრთამვის, მოსყიდვის საშუალებით ჩარეულიყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ხელი შეეშალათ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. დღეს ასევე გამოჩნდა ის, რომ ყველა ის ისტერიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა უზენაეს სასამართლოსთან, მერიასთან ემსახურებოდა მხოლოდ ერთ ფაქტს, რომ გადაეფარათ ის კორუფციული გარიგება, რომელსაც ისინი გეგმავდნენ „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დაადგა გაჯანსაღების პროცესს და გათავისუფლდა ზედმეტი სახელისუფლებო ჩარევისგან, განთავისუფლდა მამუკა ახვლედიანისაგან. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

როგორც ”ინტერპესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.