საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების ნაწილი ადასტურებს, რომ კლინიკას მათ მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს.
როგორც რამდენიმე თანამშრომელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავალიანება 2014-2016 წლებშია დაგროვილი.
მათივე განმარტებით, ნაწილს 4 თვის ხელფასი აქვს ასაღები, ნაწილს კი - 8 თვის.
"ზოგს 4 თვის, ზოგს 5-ის, ზოგს 7-8 თვის დავალიანებები გვაქვს ასაღები. დავალიანებები არის ძირითადად 2014-2016 წლების. ეს იმის ბრალია, რომ აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული მენეჯმენტი არ ესმით. ნათესაობით და მეგობრობით დაასაქმეს ხალხი. მილიონები ჭამეს და გაიქცნენ, მე რომ გავფლანგო ერთი ლარი, ვინ მაპატიებს? - აქ ვინც ვართ, ზოგს 4 000 ლარი აქვს ასაღები, ზოგს 7 000 ლარი. ექიმებს კიდევ უფრო მეტი", - აცხადებენ კლინიკის თანამშრომლები.
რამდენიმე მათგანის თქმით, თუ დავალიანება მიმდინარე წელს არ დაიფარება, სასამართლოს მიმართავენ.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა წერილი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა. წერილში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებულ ფინანსურ პრობლემებზეც არის საუბარი.