”ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტში მთავარ პროკურორს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს იბარებენ.
როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი სურვილია ინფორმაციის მიღება, თუ რა ზომები მიიღო და რა ნაბიჯები გადადგა პროკურტურამ და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შედის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით.
”გამოვლინდა ფაქტები, რომელიც მაღალი დონის კორუფციას უკავშირდება. საუბარია მილიონიან კორუფციულ გარიგებაზე. იმის მიუხედავად, რომ ეს ორივე სტრუქტურა არის ვალდებული დაიწყოს გამოძიება და მიიღოს სათანადო ზომები, ჩვენ ამ თემაზე მათი მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია. ჩვენი მოთხოვნაა, მოვიდნენ პარლამენტში და ანგარიში ჩაგვაბარონ იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისმის”, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ არაერთი გახმაურებული საქმეა, რაზეც არც სუს-სა და არც პროკურატურას არაფერი გაუკეთებია, მან ამის მაგალითად გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე დაასახელა.