იმ ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება, რაზეც თავად ნიკა გვარამია ამბობდა, რომ ავთენტური იყო, რატომ არის ახალი ამბავი, არ მესმის, - ასე ეხმაურება მოძრობა"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი ავთენტურია.
კაპანაძის თქმით, გვარამია აღნიშნულ ჩანაწერზე თავად ამბობდა, რომ ავთენტური იყო და ჩაწერაც პირადად განახორციელა.
"აქ უბრალოდ საუბარი იყო, რომ ჩანაწერი მოპოვებულ იყო უკანონოდ, სუს-ის მხრიდან, როგორც გვარამია ამბობდა. იმის დადასტურება, რაზეც ავტორი ამობდა, რომ მისი გაკეთებულია და ავთენტურია, რატომ არის ახალი ამბავი, არ მესმის. თუმცა მესმის პოლიტიკურად, დღეს ხელისუფლების ინტერესში არის მაქსიმალურად მიიტანოს იერიში „რუსთავი 2“-ზე, მის გენერალურ დირექტორსა და ზოგადად ჟურნალისტებზე, იმისთვის, რომ პოლიტიკური გეგმა, რომელიც ამ ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად გააჩნია, მიიყვანოს ბოლომდე", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება გვარამიას დაბარება დაკითხვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.
როგორც ”ინტერპესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.
მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.
გვარამია ჩანაწერის შესახებ ექსპერტიზის პასუხს გაეცნობა.
ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.