საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „სწრაფი და ეფექტური“ გამოძიება აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზამ გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
„დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გვარამია-ახვლედიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია. ახლა, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონ მამუკა ახვლედიანის შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც ეს უკანასკნელი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ, მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით.
გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. ამ დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში.
დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფიცული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება”, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან და
ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება.
”იმედი მაქვს ასევე, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, რეალურად აქვს თუ არა ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების უტიფარი ლეგალიზაციის შემთხვევას, ვინაიდან თანხები, რომელიც მის განკარგვაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია ”, - განაცხადა თალაკვაძემ.