მეუფე იაკობი - თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან დარჩებიან უყურადღებოდ - შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ

მეუფე იაკობი - თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან დარჩებიან უყურადღებოდ - შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ

დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ პატრიარქმა იცის, თუმცა, პროკურატურის განცხადება არ მოუსმენია და არც არავის უთქვამს, - ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, ბერლინიდან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საუბარია ძალიან მძიმე ბრალდებაზე და ყველანი გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

”ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორც ხედავთ. ძალიან ბევრია განრისხებული და გაბრაზებული ადამიანი. რომ ჩამოვალთ, ჩვენც ჩავებმებით გარკვევაში. რაღაცების საქმის კურსში ვართ. ალბათ ჩვენგანაც მიიღებენ და თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან არ დარჩებიან უყურადღებოდ. მე პირადად იმ აზრზე ვარ, რომ აქ არ შეიძლება ვინმეზე ხელის დაფარება.

უწმინდესის ხასიათი ვიცი და იტყვის, ვაპატიოთ ყველას. შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ შემთხვევაში სხვა კანონები მოქმედებს, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ „ციხისგან ყველანი ეცოდებათ და უფრო მძიმეა, როდესაც სამშობლოშიც ვერ დასაფლავდება ადამიანი“.

”გასაგებია, მაგრამ ის უფრო მძიმეა ალბათ, როდესაც სამშობლოშიც ვერ დასაფლავდები ადამიანი მერე. დაჭერისგან და ციხისგან გვეცოდება ხოლმე. კი, დამნაშავეა , მაგრამ მაინც გვეცოდება. პირადულზე როდესაც მიდის, მე ჩემს მკვლელსაც ვაპატიებ მაგალითად. უწმინდესი ჩვენზე მეტად ამაღლებულია”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.