ჩვენ შევეცდებით პროცესზე მოსამართლე დავარწმუნოთ, რომ დაკავებები იყო უსამართლო, - ამის შესახებ თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა ადვოკატმა გოგა ონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გოგა ონიანმა აღნიშნა, პროცესი დღის განმავლობაში გაიმართება. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია 13 პირი და ცამეტივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევაში ედება ბრალი.
თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები საქალაქო სასამართლოში უკვე გადაჰყავთ.
თბილისის მერიასთან გუშინ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შესვლას და კითხვებზე პასუხს, თუ რატომ მოხდა ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილვლელ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გარკვეული ტიპის ფულადი ანაზღაურების გადაცემა თბილისის ბიუჯეტიდან.