დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურას მიმართავს, რათა მას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულობა მოეხსნას.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, განცხადებას ის პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს. როგორც ფანცულაია აღნიშნავს, ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ის საქმეზე გაუთქმელობის ვალდეულების მოხსნას ითხოვს, მთავარი პროკურორის გუშინდელი ბრიფინგი და ის განცხადებებია, რომელიც ირაკლი შოთაძემ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
”გაუთქმელობის პირობაზე ხელი მოვაწრე პროკურატურაში და აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობაზე და ვერც იმ პირობებზე, რაც მამა გიორგი მამალაძეს შექმნილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში. მხოლოდ სამი რამის თქმა შემიძლია, რომ მამა გიორგი დაკავებულია, მე ვიცავ მის ინეტერესებს და მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე. უახლოეს დღეებში აუცილებლად მივმართავ პროკურატურას, რომ ეს ვალდებულება მომეხსნას, რათა შევძლო საქმის დეტალებზე საუბარი და იმ პოზიციაზე რაც დაცვის მხარეს გააჩნია”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.