პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის საპრეზიდენტო კანდიდატის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან კიბერშეტევების ობიექტი გახდა. აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა ‘წინ“-ის გენერალურმა მდივანმა რიშარ ფერანმა გააკეთა.
რადიოსადგური Europe 1-ის ეთერში ფერანმა განაცხადა, რომ რუსული მედია ყოველდღიურად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს ემანუელ მაკრონზე და მის პოლიტიკურ მოძრაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის საიტზე და მონაცემთა ბაზებზე კიბერშეტევები რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება.
პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის გენერალურმა მდივანმა საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართა, რომ გარანტირებული იყოს ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში რაიმე ჩარევის დაუშვებლობა.
ფერანის თქმით, მაკრონი გარე შეტევების ობიექტი იმიტომ გახდა, რომ „მხარს უჭერს ძლიერ ევროპას, ევროპას, რომელიც ძალას აჩვენებს, მათ შორის რუსეთის წინაშე, მაშინ როდესაც სხვა კანდიდატები რუსეთთან მიმართებაში უფრო მეგობრული პოზიციებიდან გამომდინარეობენ“.