მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე - ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ჩართულობის შემდეგ

მეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილზე - ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონის ბინძურ საქმეებს შეექმნა, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ჩართულობის შემდეგ

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, ყველაზე დიდი დისკომფორტი პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს და მის საქმეებს შეექმნა, რაც მამა გიორგი მამალაძის სამსახურში ჩართულობის შემდეგ წარმოჩნდა.

მეუფე პეტრემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში პროკურატურის მიერ დღეს გახმაურებულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა და შესაბამის უწყებებს სთხოვა გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული.
”ძალიან უხერხულია რა ფაქტიც გაჟღერდა. მინდა გამოვხატო ჩემი პირადი მოსაზრება და თხოვნა, რომ ძალიან გულისყურით მოეკიდოს საგამოძიებო ორგანოები ამ ფაქტს. მაღალ პროფესიონალი ადამიანები იყვნენ ჩართული, რადგან გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მთელს მოსახლოებაში, საზოგადოებაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უკვე ორი წელია ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს და კლინიკას, რომელთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშნები იყო კორუფციული გარიგებისა, თუ სხვადასხვა ფაქტებისა. ასევე, ქონების მართვის სამსახურში, სწორედ მამა გიორგის მიერ აღმოჩენილი უამრავი მამხილებელი საკითხები, არსებული არასახარბიელო კორუფციულ მდგომარეობას, რომელიც ჩემს მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ დახარისხებულ პრობლემას უკავშირდება და პიროვნებას, ე.წ. რუხი კარდინალის და ჩრდილოვანი მმართველობის სახით. არ არსებობს ორი აზრი, რომ ეს არის გაგრძელება და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ქაოსური და ჩრდილოვანი მმართველობის სახით არსებობს სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქოში და ნებისმიერი საკითხის წამოწევა ხდება პირველხარისხოვანი პრობლემის გადაფარვისათვის”, - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
მისივე თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე დაინიშნებოდა.

”რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება სასჯელაღრულების უწყების მიმართ და იმედია, ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცედ საუბარს”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე მოსაზრებით, მამა გიორგი მამალაძემ აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება.
”რაც ჩემი თავი მახსოვს, საპატრიარქოს, კერძოდ ამ არაჯანსაღ მმართველობასთან სიახლოვეში, წლების მანძილზე ხშირად ვრცელდება მსგავსი დეზინფორმაცია, შანტაჟი, პირადად პატრიარქის დაშანტაჟება, რომ არაერთგზის უცდიათ და ჰქონდა მცდელობა მისი მოწამვლისა. ეს თემა არსებულმა ქალბატონმა, რომელიც ინტრიგებით მართავს დღემდე საპატრიარქოს და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა. კარგი იქნება თუ პროკურატრა ძირფესვიანად დაინტერესდება, როგორ აღმოჩნდა 1981 წელს, რა მკვლელობის ბრალდებით აღმოჩნდა საპატრიარქოში, და როგორ მოიპოვა ასეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაშინ როდესაც დღემდე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაუგებარ მდგომარეობაში მკვლელობა არ არის გამოძიებული და რომლის დამხობაში ლომის წილი მიუძღვით იმ ძალებს, რომელთა წარმომადგენელიც არის საპატრიარქოს „რუხი კარდინალი”, - განაცხადა პეტრე ცაავამ.