პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და გაასაჯაროოს მტკიცებულებები - სხვა მხრივ, მის განცხადებებს დამაჯერებლობა არ აქვს

პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და გაასაჯაროოს მტკიცებულებები - სხვა მხრივ, მის განცხადებებს დამაჯერებლობა არ აქვს

ამ თემის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას.

ნადირაშვილის თქმით, პროკურატურის მოქმედებები ამ საქმის გამოძიების მიმართ უნდობლობას აჩენს.

"ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ივანიშვილის პროკურატუტის განცხადება ამ ძალიან მძიმე ამბავზე. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს, მაგრამ ვიქნები მართალი თუ ვიტყვი, რომ კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობდა ამ თემის ირგვლივ, კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. ივანიშვილის პროკურატურის ნდობის მანდატი არის აბსოლუტურად ამოწურული. შესაბამისად, მათ განცხადებებს არ აქვს ნდობა. მე ვფიქრობ, შესაძლებელია ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მეტი სიცხადე შეიტანოს, გამოაქვეყნოს ის მტკიცებულები, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებობს და ამ კითხვის ნიშნებს დაუსვას წერტილი. რაც შეეხება ფორმას, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი - დააკავეს მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პატრიარქთან დაახლოებული პირი და ამის თაობაზე საზოგადოება იგებს არა სამართალდამცავი ორგანოებიდან, არამედ ერთ-ერთი ტელევიზიდან. ეს ამ ყველაფერს სანდოობას უკარგავს. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ თემაზე საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია. პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და ინფორმაცია გაასაჯაროოს. სხვა მხრივ, მათ განცხადებებს დამაჯერებლობა არ აქვს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, გარკვეული ეჭვები ჩნდება.

"რატომ იყო პროკურატურა ჩუმად? - ჩვენ ვიცით, რომ 2 დღის წინ დააკავეს ეს ადამიანი. ჩატარდა სასამართლო, თუმცა ამ მძიმე ბრალდებაზე მთელი სახელისუფლებო სისტემა იყო ჩუმად. სხვა კითხვის ნიშნებიც ჩნდება. შესაძლოა ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, მაგრამ გაუგებარია, როდესაც ციანიდით ადამიანი რისკავ და გადადიხარ საზღვარზე. ესეც ცოტა წარმოუდგენელია. ამიტომ, ამ საქმის თაობაზე გვინდა მეტი ვიცოდეთ", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.