სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას თავიდან ტრაგიკული დანაშაული ააცილეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას თავიდან ტრაგიკული დანაშაული ააცილეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება როგორც ოპერაციიდან, ასევე ამ შემზარავი დანაშაულის აღკვეთიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანას ტრაგიკული დანაშაული ააცილეს თავიდან.

"ინფორმაცია მხოლოდ ის მაქვს, რაც პროკურატურის მხრიდან გაჟღერდა. ამ ინფორმაციის მოსმენა ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება როგორც ოპერაციიდან გამომდინარე, ასევე ამ შემზარავი დანაშაულის აღკვეთიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას ტრაგიკული დანაშაული ააცილეს თავიდან", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.