სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეთილი იქნა ძალიან მძიმე დანაშაული

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეთილი იქნა ძალიან მძიმე დანაშაული

ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეთილი იქნა ძალიან მძიმე დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქმეს ადევს გრიფით „საიდუმლო“ და ვერ ისაუბრებს ვის მიმართ, ვის მიერ და რა ფორმით მზადდებოდა მძიმე დანაშაული. მისივე თქმით, პროკურატურა ისაუბრებს რა დანაშაული მზადდებოდა და უკავშირდება თუ არა მამა გიორგი მამალაძის დაკავება ამ საქმეს. ბესელიას განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა აბსოლუტურად დაცულია.

"პირველ რიგში, რაც ეხება მისი უწმინდესობის, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სულ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე მამა დავითს, რომელიც ბერლინში პატრიარქთან იმყოფება. გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ოპერაციის შემდეგ მისი უწმინდესობა კარგად გრძნობს თავს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დროულად ჩატარდა ყველა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა, შედეგი არის ძალიან კარგი და მისი უწმინდესობა ხვალ გადაყვანილი იქნება პალატაში. ეს ყველაზე სასიხარულო ინფორმაციაა ჩვენთვის.

პატრიარქის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ მოგვიანებით მთავარი პროკურორი და მთავარი პროკურატურა გააკეთებენ განცხადებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას, რომელიც აღკვეთილი იქნა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით. პრემიერის გადაწყვეტილებით, ბერლინში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი და პატრიარქის უსაფრთხოება არის გარანტირებული. გამოძიება კონფიდენციალურ ფორმატში მიმდინარეობს. მე დეტალებზე ინფორმაცია, ბუნებრივია, არ მაქვს. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც კოორდინირებულად იმუშავეს და თავიდან იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული და მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც კი კანონით შესაძლებელი გახდება. პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზრუნვაა და მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული, კონკრეტულად ვის მიერ და ვის მიმართ და რა ფორმით ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. საქმეს ადევს გრიფით „საიდუმლო“. იცით, რომ წინასწარი პატიმრობის თაობაზე ბრძანება გაცემულია უკვე, მეტს ვერ ვისაუბრებ. ამ მოვლენების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესია", - განაცხადა ბესელია.