დეკანოზი ანდრია თურმანიძე - მამა გიორგი მამალაძეს ისე უყვარს პატრიარქი, ტყვიას გადაეფარება

დეკანოზი ანდრია თურმანიძე - მამა გიორგი მამალაძეს ისე უყვარს პატრიარქი, ტყვიას გადაეფარება

ჩემთვის ასეთი რამ წარმოუდგენელია, ვერ დავიჯერებ მითუმეტეს, სასულიერო პირის მხრიდან და მითუმეტეს, ერის მამის მიმართ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესაძლო ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

დეკანოზის თქმით, დაუჯერებელია, მამა გიორგი მამალაძის შესაძლო ბრალეულობა პატრიარქის საქმესთან დაკავშირებით.

„ვერ დავიჯერებ, მამა გიორგის (მამალაძე) ისე უყვარდა და უყვარს პატრიარქი, რომ ტყვიას გადაეფარება, მე ასე მჯერა“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.

მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე წარმოშობით ქობულეთიდანაა, წლების განმავლობაში მსახურობდა ბათუმში წმინდა ბარბარეს ტაძარში, დაახლოებით ორი წელია კი თბილისში გადავიდა და იოკიმესა და ანას სამშობიარო სახლის დირექტორი იყო, ასევე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„არ ვიცი, რა მოხდა რეალურად. არც ადვოკატთან მისაუბრია, არც ოჯახის წევრებთან. მხოლოდ მედიით ვიგებ ამ ამბებს და წარმოუდგენელია ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ეს არანაკლები სიმძიმისაა, რაც იყო ბერბიჭაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. ეს საშვილთაშვილო ბრალდება და ჩირქია ჯერ მისი ოჯახისთვის, მერე ჩვენი კუთხისთვის. ძალიან ცუდი ფაქტია, ვერ წარმომიდგენია და ვერ ვიმეტებ ვერავის. ჯერ ჩემს პატრიარქს ვერ ვიმეტებ, უფალი იცავს უწმინდესს და დიდხანს იცოცხლებს ჩვენი ერის ერთობისთვის და გაძიელერებისთვის“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ.